პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებულ შტატებსა და ამჟამად, სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტების პარალელურად, რომლებიც დასავლეთისგან დახმარების მისაღებად საგანგებოდ ჩაინიშნა, უკრაინაში რუსეთის თავდასხმები სულ უფრო ინტენსიური ხდება.

კიევი დღეს მორიგი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი. ასევე დაზიანდა შენობები და ინფრასტრუქტურა.

აფეთქებების სერია კიევში, ადგილობრივი დროით, დილის სამ საათზე დაიწყო, როდესაც ქალაქის საჰაერო თავდაცვა ამ კვირაში უკვე მეორედ გააქტიურდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რაკეტების იდენტიფიცირება უკვე შეძლეს - რუსეთმა კიევის მიმართულებით უსწრაფესი რაკეტები, “ისკანდერ M”- და “S 400”-ები ისროლა.

ღამით, რუსული უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ საპორტო ქალაქ ოდესასაც. რეგიონის სამხედრო სამსახურმა თქვა, რომ “შეტევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა”. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ორი მამაკაცი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, უკრაინის ყველაზე დიდი მობილური ქსელის ოპერატორის წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება, რომ 2022 წლის შემდეგ მათ კომპანიაზე ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. “კიევსტარმა”, რომლის აბონენტიც უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტია, ხარვეზის აღდგენა მოახერხა, თუმცა კიბერშეტევამ მილიონობით ადამიანი საჰაერო თავდასხმის შესახებ შეუტყობინებლობის საფრთხის წინაშე დააყენა.

 რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელმაც წარსულშიც არაერთხელ განახორციელა კიბერშეტევა უკრაინულ ინტერნეტპროვაიდერებსა და სამაუწყებლო ვებ-გვერდებზე, თქვა, რომ თავდასხმა ამჯერადაც მათი ორგანიზებული იყო.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *