თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საკანონმდებლო პროტოკოლს, რამდენიმეკვირიანი განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა. კომიტეტის დონეზე დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ, ახლა თურქეთის ასამბლეის სრული მხარდაჭერაც უნდა მოიპოვოს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად სწრაფად გაივლის კენჭისყრის საკითხი თურქეთის პარლამენტში გაწერილ საკანონმდებლო პროცედურებს. პრეზიდენტის მმართველი პარტია და მისი პოლიტიკური მოკავშირეები, თურქეთის 600-ადგილიან პარლამენტში, უმრავლესობას ფლობენ, თუმცა პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ კანონმდებლების ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც იცით, შვედეთმა და ფინეთმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ გახდა, რაც ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად, თურქეთის პარლამენტმა, ფინეთის განაცხადის რატიფიცირება, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყო.
რატომ აგვიანებს თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას? თურქეთის პოზიცია იყო, რომ შვედეთს ზედმეტად რბილი პოლიტიკა ჰქონდა ქურთი ბოევიკებისა და იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ანკარა უსაფრთხოების სერიოზულ რისკად აღიქვამს. თურქეთის ოფიციალური პოზიციით, ამ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, 2016 წელს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ გადატრიალების მცდელობასთან აქვთ კავშირი.
საპასუხოდ, შვედეთმა ანტიტერორისტული კანონები გაამკაცრა. ცვლილების მიხედვით, ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, თუმცა სტოკჰოლმში გამართულმა ანტითურქულმა პროტესტების სერიამ, ერდოღანის მთავრობა და თურქული საზოგადოება მაინც აღაშფოთა.
მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები შვედეთის მთავრობამ დაგმო, თურქეთი სტოკჰოლმს ანტიმუსლიმური განწყობების გამოვლინების დაშვების გამო მაინც აკრიტიკებს.
შვედეთის მიერ ანტიტერორისტული კანონების გაძლიერების პარალელურად, ნატოც დათანხმდა ანტიტერორიზმის სპეციალური კოორდინატორის ინსტიტუტის შეექმნა და ამ თანამდებობაზე გენერალური მდივნის თანაშემწედ ტომ გოფუსი დანიშნა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ივლისში ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ შვედეთი დათანხმდა „აქტიურად დაუჭიროს მხარი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებას". თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხში 2018 წელს შევიდა, რადგან ევროკავშირის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების მხრივ ცუდი შედეგები ფიქსირდება.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, შეერთებული შტატებისგან F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის სურვილსაც დაუკავშირა. მან მოუწოდა კანადასა და ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომ თურქეთს იარაღის ემბარგო მოუხსნან. სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტში გამართული დებატების დროს, ოპოზიციურმა კანონმდებელმა ოგუზ კაან სალიჩმა კითხა, მიიღო თუ არა მთავრობამ გარანტიები შეერთებული შტატებისგან F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს თურქეთის F-16-ის გადაცემის მოთხოვნას, თუმცა კონგრესის შიგნით ძლიერი წინააღმდეგობაა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. თურქეთს სურს 40 ახალი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი და ასევე, ფლოტის მოდერნიზაციისთვის სამხედრო ნაკრები შეიძინოს.
0 კომენტარი