რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც, რუსული სამხედრო ძალის რაოდენობა 170 ათასი ჯარისკაცით უნდა გაიზარდოს. 2018 წლის შემდეგ, ეს მეორედ გაცემული ბრძანებაა რუსული არმიის გაფართოების მიზნით.  

რუსი სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 2,2 მილიონამდეა, მათ შორის, 1,32 მილიონი ჯარისკაცი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრძანება არ გულისხმობს “გაწვევის მნიშვნელოვან გაფართოებას და ზრდა ეტაპობრივად მოხდება მეტი მოხალისის სამხედრო სამსახურში ჩართვით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიზეზად უკრაინაში “სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა” და ნატოს გაფართოებას ასახელებს.

 

კრემლი მანამდე საკმარისად მიიჩნევდა საკუთარი არმიის რაოდენობას, მაგრამ გათვლები მას შემდეგ შეიცვალა, რაც უკრაინაში სწრაფი გამარჯვების იმედი უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ გაუნადგურა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წლის შემდეგ პირველად 2022 წლის აგვისტოში გასცა ბრძანება სამხედრო ძალის გასაზრდელად, როდესაც გამოსცდა ბრძანება, რომ 2023 წლის იანვრიდან სამხედროების რაოდენობას 1,15 მილიონისთვის უნდა მიეღწია. ამ ბრძანებიდან ერთ თვეში, უკრაინაში რუსული ძალების გასაძლიერებლად მან 300 000 რეზერვისტის მობილიზების ბრძანება გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მეტი რესურსის მობილიზების საჭიროება აღარ იყო, მობილიზაციის განკარგულება კვლავ ძალაშია და სამხედროებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში დამატებით გაიწვიონ. ამ ბრძანებითვე, მოხალისე ჯარისკაცებს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება აეკრძალათ.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პარასკევს განაცხადა, რომ 2023 წელს ჯარში საკონტრაქტო ჯარისკაცად 452 000-ზე მეტი ადამიანი გაფორმდა.

ამ სამხედრო ძალას ემატება რეგულარული კანონი, რომელიც წელიწადში ორჯერ დაახლოებით 120 000 - 140 000 რუს მამაკაცს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირებს უკრაინაში საომრად არ აგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან სავალდებულო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი რუსეთის ხელისუფლებამ 30 წლამდე გაზარდა. მანამდე ის 18-დან 27 წლამდე მამაკაცებს ეხებოდა.

 

რუსეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათი დანაკარგი უკრაინაში მხოლოდ 6 000 სამხედრო მოსამსახურეა. ოქტომბერში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო დანაკარგი 150 000 - 190 000 ჯარისკაცს აღწევს, მათ შორის, არიან მძიმედ დაჭრილები.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *