კიევი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოს მოწოდებას, რომ უკრაინამ რუს დამპყრობლებს ტერიტორიები უნდა დაუთმოს, მწვავე კრიტიკით პასუხობს.
„მოდით ვიყოთ გულახდილები: უკრაინაში უსაფრთხოების არქონა ნიშნავს უსაფრთხოებას არარსებობას, არამხოლოდ სლოვაკეთში, არამედ, მთლიანად ევროპაში. ტერიტორიულ მთლიანობაზე კომპრომისი არ შეიძლება და არ იქნება. უკრაინა და ჩვენი პარტნიორები რუსი სამხედროების გაყვანას ცდილობენ ყირიმიდან, დონბასიდან და ლუგანსკიდან, რათა ისინი უფრო შორს არ წავიდნენ, მაგალითად, კოშიციში ან პრეშოვში (ორივე ქალაქი აღმოსავლეთ სლოვაკეთში მდებარეობს), ან სლოვაკეთის სხვა რეგიონებში”, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე საპასუხოდ.
სლოვაკეთის ახლადარჩეულმა ლიდერმა, რობერტ ფიკომ თქვა , რომ “კიევს, ომის შედეგებთან დაკავშირებით, რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეს".
„უნდა არსებობდეს რაიმე სახის კომპრომისი. რატომ აქვთ უკრაინელებს მოლოდინი, რომ რუსები ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს დატოვებენ? ეს არარეალურია”, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პრემიერ ორბანის პოლიტიკას და "არ ეთანხმება ბრიუსელის თავდასხმებს".
სწორედ, ამ დაძაბული პოლიტიკური დებატების ფონზე, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს, 24 იანვარს შეხვდებიან. პრემიერ ფიკოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრა, უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟჰოროდში შედგება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ანონსებს, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, თუ რატომ ეწინააღმდეგება სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და ასევე, კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხს.
რობერტ ფიკომ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მეოთხე ვადით, დეკემბერში გაიხანგრძლივა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ, საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა და უკრაინაში იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა. მას წლებია აკრიტიკებენ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის, ასევე, ოპონენტების პოლიტიკური დევნის, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და მედიაზე ზეწოლის გამო.
0 კომენტარი