პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა. თურქული მედიის ცნობით, შესაბამისი ოქმი პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაუჭირა მხარი შვედეთის ნატო-ში გაერთიანების საკითხს და ერთადერთი ქვეყანა, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ახლა შვედეთი ელოდება, უნგრეთია. ნატოში ახალი ქვეყნის მისაღებად, ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ჯეფ ფლეიკმა თქვა, რომ, მისი მოლოდინით, თურქეთს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, მალე გადასცემენ. F-16-ის მიყიდვის საკითხი ერთ-ერთი იყო, რასაც ანკარა ვაშინგტონთან მოლაპარაკებისას აქტიურად ითხოვდა.
შვედეთმა და ფინეთთმა 2022 წლის გაზაფხულზე ნატოში წევრობის განაცხადი შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. მანამდე ორივე ქვეყანა ათწლეულობით იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.
თურქეთთან მოლაპარაკებები, თითქმის, 20 თვის განმავლობაში გაჭიანურდა, რადგან ანკარა შვედეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების შეფარებაში სდებდა ბრალს. ამის შედეგად ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა ჯერ კიდევ შარშან აპრილში, შვედეთს კი ჯერაც არ დაუსრულებია ალიანსში შესვლის პროცესი.
0 კომენტარი