ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა დაადასტურეს, რომ სოფელ კრინკიში, რომელიც ხერსონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინელი სამხედრო ძალების წინააღმდეგ, აკრძალულ ქიმიურ იარაღს, მიზანმიმართულად იყენებენ.
ISW-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ეს ფაქტები პირდაპირ არღვევს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას, რომლის ხელმომწერი რუსეთიცაა. საზღვაო ქვედანაყოფმა დეტალურად აღწერა საკუთარი "ტაქტიკის რადიკალური ცვლილება", რაც ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები K-51-ის ყუმბარებს, უპილოტო დრონებიდან ისვრიან.
K-51 აეროზოლური ყუმბარები ცრემლსადენი გაზით ივსება, რომელიც განსაკუთრებით უკონტროლო ვითარებაში, საპროტესტო არეულობისას გამოიყენება. ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მიხედვით კი, მათი გამოყენება ომში აკრძალულია.
ქვეითმა ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ნათლად ჩანს კადრები, თუ როგორ ისვრიან რუსი სამხედროები K-51-ის ყუმბარებს.
ISW თავის შეფასებაში წერს, რომ ორგანიზაციამ მანამდეც აღმოაჩინა რუსული ძალების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები, მათ შორის, 2022 წლის ნოემბერში, დონეცკის ოლქის მახლობლად.
რუსეთის მხრიდან, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, უკრაინამაც დაადასტურა. მეტიც, კიევი ამბობს, რომ რუსეთი, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს, შეჭრის დღიდანვე იყენებს.
0 კომენტარი