შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ისრაელის ლიდერებს, ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების განსახილველად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი მოწოდებების ფონზე შეხვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, კიდევ ერთ საავადმყოფოზე სამხედრო იერიში დაგმო.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კამალ ადვანის საავადმყოფოს განადგურებით შეძრწუნებულია, რასაც, მინიმუმ, რვა პაციენტის სიკვდილი მოჰყვა. დაკავებულია სამედიცინო პერსონალიც, რომელთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ჯანმო და ორგანიზაციის სხვა არტნიორები ცდილობენ”- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, "არაერთი პაციენტი თვითევაკუაციის გამო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, სასწრაფო დახმარების ავტომობილები კი, დაწესებულებამდე მისვლას ვერ ახერხებენ".

“დაღუპული პაციენტების უმრავლესობა სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო გარდაიცვალა, მათ შორის, 9 წლის ბავშვი. ღაზას სექტორში, კიდევ ერთი საავადმყოფოს განადგურება, ჰუმანიტარულ კრიზისს გაართულებს. ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ამიტომ, თუნდაც მინიმალურად მოქმედი საავადმყოფოს დაკარგვა, მძიმე დარტყმაა ღაზას სექტორში მყოფი მოქალაქეებისთვის. საავადმყოფოებზე, ჯანდაცვის პერსონალსა და პაციენტებზე თავდასხმები უნდა დასრულდეს. ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს”,-ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ "ჯანმო-ს ხელმძღვანელს არ უთქვამს, თუ როგორ ცდილობენ "ჰამასის" წარმომადგენლები საავადმყოფოები თავშესაფრებად გამოიყენონ. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში "ჰამასის" 80 წევრი იპოვეს. 

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოებში სამხედრო იერიშამდე, მოქალაქეებს ევაკუაციისთვის უსაფრთხო გზებს სთავაზობენ.

"ჰამასი" ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოთა მიერ.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *