ისრაელმა და "ჰამასმა" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ღაზას სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევა. გავრცელებული ინფორმაციით, ყატარისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, მედიკამენტები "ჰამასის" ტყვეობაში მყოფ მძევლებსაც გადაეცემათ. ორ მხარეს შორის მირწეულ კონსესუსზე განცხადება აშშ-შიც გაკეთდა და გამოითქვა იმედი, რომ შემდგომი მოლაპარაკებებით, მეტი მძევლის გათავისუფლებაც მოხერხდება. ოფიციალური ინფორმაციით, "ჰამასის" ტყვეობაში, ამ დრომდე, 132 მოქალაქე იმყოფება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ მედიასთან თქვა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი ყატარში იმყოფებოდა, რათა მხარეებს შორის შეთანხმების შესაძლებლობა ადგილზე განეხილა. მისივე განცხადებით, დისკუსიები "ძალიან სერიოზული და ინტენსიური იყო".
შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული მარაგი, ყატარის დედაქალაქ დოჰადან ეგვიპტეში ოთხშაბათს გაიგზავნება, რომლის შემდეგაც ის ღაზას სექტორში, მშვიდობიან მოქალაქეებს გადაეცემათ.
გასულ კვირას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს "მოსადის" ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ ყატარს მიმართა თხოვნით, მძევლებისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდებაზე შეთანხმება უზრუნველყოს. "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, "ისრაელის ინტენსიური დაბომბვის შედეგად, 24 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის, უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან". პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზას მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია.
0 კომენტარი