რუსეთი ირანისგან ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს. ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, The Wall Street Journal-ი ავრცელებს. წყაროების ცნობით, მხარეები უკვე ახლოს არიან შეთანხმების გაფორმებასთან და შესაძლოა, ირანული რაკეტები რუსეთში გაზაფხულისთვის ჩავიდეს. ამასთან, The Wall Street Journal-ი იუწყება, რომ მოსკოვმა უკვე დაიწყო რაკეტების მიღება ჩრდილოეთ კორეიდან, რაც უკრაინაში რუსული თავდასხმების მასშტაბს გაზრდის.
რუსეთის გეგმის შესახებ რომ ირანისგან ბალისტიკური რაკეტები უახლოეს მომავალში მიიღოს, ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, CNN-ც ავრცელებს. CNN-ს ინფორმაციით, ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუ ერთმანეთს სექტემბერში, ირანში შეხვდნენ, სადაც ირანელებმა რუსებს ახლო მანძილის ბალისტიკური რაკეტა Ababil-ი და სხვა სარაკეტო სისტემები გააცნეს.
”ეს იყო ბალისტიკური რაკეტების პირველი საჯარო ჩვენება რუსი მაღალჩინოსნისთვის, რომელიც ირანს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეწვია”, - უთხრა შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს. ირანმა რუსეთს უკვე მიაწოდა ასობით დრონი, რომლებსაც რუსულმი ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებენ. ამასთან, რუსეთი ირანის დახმარებით დრონების მწარმოებელ ობიექტს აშენებს, რომელსაც გამოცემის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
0 კომენტარი