“ჰამასის” რიგით მეორე ლიდერი სალეჰ ალ-არური ლიკვიდირებულია - ის სამხრეთ ბეირუთის გარეუბანში თავდასხმისას მოკლეს.
სალეჰ მუჰამედ სულეიმან ალ-არური "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი იყო, რომელსაც ისრაელი “ჰამასის” სამხედრო ფრთის - ალ-კასამის ბრიგადების ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებლად მიიჩნევს. ის “ჰამასის” წევრი 1987 წელს გახდა და მალევე სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებს ჩაუდგა სათავეში. მათ შორის, სალეჰ ალ-არური პასუხისმგებელი იყო "ჰამასის" ოპერაციებზე იუდეასა და სამარიაში, გარდა ამისა, სწორედ მას ებარა "ჰამასისთვის" ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზება. ის ისრაელთან ტყვეების გაცვლის მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა, მათ შორის, 2011 წელს, როდესაც ჯარისკაც გილად შალიტის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებში მყოფი 1027 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა.
სალეჰ ალ-არური არაერთხელ იყო დაკავებული ისრაელის მიერ, მათ შორის, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - 1985 წლიდან 1992 წლამდე და 1992 წლიდან 2007 წლამდე. 2010 წელს ის ისრაელმა სირიაში გადაასახლა, სადაც სამი წელი ცხოვრობდა, საიდანაც თურქეთში, მოგვიანებით კი, ლიბანში გადავიდა საცხოვრებლად.
ისრაელის ოფიციალური პირები “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაზე, ჯერჯერობით, ვრცელ განცხადებას არ ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ, ისრაელის ყოფილმა ელჩმა გაეროში, დენი დანონმა ისრაელის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოებს ბეირუთში “ჰამასის” ლიდერის ლიკვიდირება მიულოცა. „ვულოცავ IDF-ს, შინ ბეტს, მოსადსა და უსაფრთხოების ძალებს ბეირუთში “ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირის სალაჰ ალ-არურის მკვლელობას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
ცოტა ხნის წინ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა, “ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირის მკვლელობა, ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული განცხადებით დაგმო. „მსგავსი დანაშაულის ჩადენით კრიმინალურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი საყრდენი ტერორი და დანაშაულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
2015 წლიდან დღემდე, სალეჰ ალ-არური, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ტერორისტთა სიაშიც იყო.
0 კომენტარი