ყოფილ ტელეწამყვანს, ეკატერინა დუნცოვას, რომელმაც რუსეთში, გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო ხელმოწერების შეგროვების უფლება, რუსეთის საარჩევნო კომისიამ არ მისცა.
საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და მიზეზად, ყოფილი ჟურნალისტის მიერ შევსებულ საარჩევნო ფორმაში “100 გამოვლენილი შეცდომა” დაასახელა.
”თქვენ ახალგაზრდა ქალბატონი ხართ, ყველაფერი წინ გაქვთ. ნებისმიერი მინუსი ყოველთვის შეიძლება პლუსად იქცეს, ნებისმიერი სახის გამოცდილება კი, მაინც გამოცდილებაა", - ასე მიმართა რუსეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ ყოფილ ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც საკუთარი გადაწყვეტილების დეტალები გააცნო.
ეკატერინა დუნცოვა კომისიის გადაწყვეტილებას "ტელეგრამ არხზე" გამოეხმაურა და თქვა, რომ “საარჩევნო კომისიის უკანონო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს”.
2024 წლის 17 მარტს, რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყოფილი ტელეწამყვანი კი, მისი საარჩევნო კამპანიის წარმოებას, სწორედ უკრაინაში ომის დასრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოწოდებებით გეგმავდა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესისგან ეკატერინა დუნცოვას ჩამოშორების მცდელობა მორიგი მტკიცებულებაა, თუ რამდენად მიუღებელია განსხვავებული აზრი რუსეთში, მითუმეტეს, თუ საკითხი მოქმედი პრეზიდენტის ღია საწინააღმდეგო კამპანიას ეხება.
ყოფილმა ტელეწამყვანმა ნოემბერში “როიტერთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ნებისმიერი გონიერ ადამიანს, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, შეეშინდებოდა, მაგრამ შიშმა არ უნდა გაიმარჯვოს”.
0 კომენტარი