ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე დაგეგმილი მსვლელობისას, მის საფლავთან ორი ბომბი 15-წუთიანი ინტერვალით აფეთქდა.
აფეთქება ქალაქ კერმანში, საჰებ ალ-ზამანის მეჩეთის მახლობლად მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 103 და დაჭრილია 141 ადამიანი, რომელთა შორის ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ირანული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქებისას, გენერალ სოლეიმანის საფლავი, არ დაზიანებულა. მათივე ინფორმაციით, ბომბები დისტანციურად ააფეთქეს.
„ჩვენ სასაფლაოსკენ მივდიოდით, როდესაც მოულოდნელად მანქანა ჩვენს უკან გაჩერდა და ნაგვის ურნა, რომელშიც ბომბი იყო, აფეთქდა“, - ამბობს ირანულ მედია “ისნასთან” ერთ-ერთი თვითმხილველი.
კერმანის გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, "ეს ტერორისტული თავდასხმა" იყო.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ კი, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვითარება კერმანში ახლა „სტაბილურია და ყველაფერი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ძალების კონტროლის ქვეშაა. ”ეს ტერორისტული აქტი გამოიწვევს უმოკლეს დროში უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალების მძლავრ და აბსოლუტურ პასუხს,” - განაცხადა მან. გაურკვეველია, ვინ დგას აფეთქებების უკან, რადგან მასზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ჯგუფს აუღია.
გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან ფიგურად განიხილებოდა. ის 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად, ბაღდადის მახლობლად დაიღუპა.
0 კომენტარი