წითელ ზღვაში, ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა, საეჭვო თავდასხმისას დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა და დასძინა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც სამეფო საზღვაო ძალებს საჰაერო სამიზნის გადადგურება მოუწიათ.
ბრიტანეთს არ გაუვრცელებია ოფიციალური ცნობა, ვინ იდგა ინციდენტის უკან, თუმცა მოგვიანებით, წითელ ზღვაში თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა იემენის ჰუთის მეამბოხეებმა აიღეს. მეამბოხეები, რომლებმაც მხარდაჭერა "ჰამასს" გამოუცხადეს, უცხოურ ხომალდებს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ უმიზნებენ და ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმებიან ყველა ხომალდს, რომელიც ისრაელის ტერიტორიისკენ მიემართება.
ბრიტანული ხომალდი HMS Diamond წითელ ზღვაში ორი კვირის წინ შევიდა, რათა “საზღვაო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საერთაშორისო ძალისხმევა გააძლიეროს ”. თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ წითელ ზღვაში თავდასხმები წარმოადგენს “პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო ვაჭრობისა და უსაფრთხოებისთვის, დიდი ბრიტანეთი კი ერთგული რჩება მოიგერიოს მსგავსი თავდასხმები გლობალური ვაჭრობისთვის აუცილებელი თავისუფალი ნაკადის დასაცავად”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წითელ ზღვაში საერთაშორისო ხომალდზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რამდენიმე დღის წინ, გადაზიდვების კომპანია “მაერსკმა”, მის კუთვნილებაში არსებული ყველა გემის ეკიპაჟი, რომელიც წითელ ზღვაში ბაბ-ალ-მანდების სრუტის გავლას აპირებდა, გააფრთხილა “შეაჩერონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შემდგომი შეტყობინების მიღებამდე”. მიზეზი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე სარაკეტო თავდასხმა გახდა.
ბრიტანელმა ადმირალმა სერ ბენ კიმ თქვა, რომ „მსოფლიოში კომერციული გემების მეექვსედი ბაბ-ალ-მანდების სრუტესა და წითელ ზღვაზე გადის. მისივე განცხადებით, „სამეფო საზღვაო ფლოტი მოწოდებულია დაიცვას ოკეანეების თავისუფლად გამოყენების უფლება და არ შეეგუება მუქარას, ან თავდასხმებს მათ წინააღმდეგ, ვინც ღია ზღვაში კანონიერ საქმიანობას ეწევა".
0 კომენტარი