"ოთახში მყოფ სპილოს კრემლი ვეღარ დააიგნორებს", - ამბობს რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნადეჟდინი, რომელმაც მის გუნდთან ერთად, მოსკოვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი ათეული ყუთი გადასცა წარწერით - „ნადეჟდინი 2024“. ყუთში განთავსებული იყო 105,000 ხელმოწერა, რომელიც აუცილებელი პირობაა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დასარეგისტრირებლად. 

„აქ არის ჩემი გუნდი, ადამიანები, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, ბოლო დროს ცოტა ეძინათ, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ“, - განუცხადა ნადეჟდინმა ჟურნალისტებს. მან Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა განცხადებაც, სადაც აღნიშნავს, რომ „ცესკოსა და დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება იმის თქმა, რომ „ ოთახში სპილოს ვერ ამჩნევენ.“ აღსანიშნავია, რომ ბორის ნადეჟდინი საპრეზიდენტო კამპანიაში ერთვება მაშინ, როდესაც რუსი ოპოზიციონერების უმრავლეობა ციხეში ან გადასახლებაში იმყოფება. იმის გამო, რომ ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ღიად ეწინააღმდეგება და მისი პოზიცია მთავარ საარჩევნო გზავნილადაც აქცია, დასავლური მედია წერს, რომ "ბევრი რუსი მოქალაქე ნადეჟდინის კანდიდატურას მხარს უჭერს და მათი რიცხვი სულ უფრო მზარდია". უზბეკეთში დაბადებულ 60 წლის ნადეჟდინს მხარს უჭერენ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეები და უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერები მაქსიმ კაცი და მიხაილ ხოდორკოვსკი.

ცესკო, ნადეჟდინის მიერ წარდგენილ ხელმოწერებს, 10 დღეში განიხილავს. რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ, რადგან კრემლი ბორის ნადეჟდინს საფრთხედ მოიაზრებს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს ჩატარდება.  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *