პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი, უახლოეს დღეებში, “ჰამასის” წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს გააძლიერებს. მისივე განცხადებით, ღაზას სექტორში ყოფნისას დარწმუნდა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია დასასრულთან ახლოსაც კი არ არის.
“ჩვენ არ ვჩერდებით, ბრძოლას განვაგრძობთ და უახლოეს დღეებში, კიდევ უფრო გავძლიერდებით. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, რომელიც დასასრულთან ახლოსაც არ არის", - განაცხადა ღაზაში ყოფნისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ The New York Times-თან, სადაც პრემიერი ნეთანაჰუ, რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, სამ წინაპირობას ასახელებს, ესენია: ჰამასის განადგურება, ღაზას დემილიტარიზაცია და პალესტინის საზოგადოების დერადიკალიზაციის პროცესის დაწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როგორც კი აღნიშნული სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, „ღაზა შეიძლება აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივებიც რეალობად იქცეს“.
ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოების საკმაოდ კონკრეტულ მოწოდებებსაც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ “მსხვერპლში ისრაელის უსამართლოდ დადანაშაულება მხოლოდ “ჰამასსა” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს წაახალისებს, მშვიდობიანი მოქალაქეები ფარად მომავალშიც გამოიყენონ".
“იმისათვის, რომ ეს სასტიკი და ცინიკური სტრატეგია არაეფექტური გახდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მსხვერპლზე პასუხისმგებლობა პირდაპირ “ჰამასს” უნდა დააკისროს“, - ამბობს ის.
პარალელურად, “ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 20 674-ს აღწევს, რომელთა შორის, უმრავლესობა ბავშვი და ქალია.
7 ოქტომბერს, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად, ისრაელის 1 200 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე, “ჰამასის” ტყვეობაში 132 მოქალაქეა. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გაანადგურებს “ჰამასს” და მძევლებს ისრაელში დააბრუნებს.
0 კომენტარი