ბელარუსის თავდაცვის მინისტრი, ვიქტორ ხრენინი, მთავრობას ახალ სამხედრო დოქტრინას წარუდგენს, რომელიც ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და მისმა ბელარუსმა კოლეგამ, 2023 წლის მაისში, ბელარუსისთვის ბირთვული ტაქტიკური იარაღის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი გასული წლის ივნისში დაიწყო, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ კი, დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ "ტრანსფერის პროცესი დასრულებულია".
უცნობია, რამდენ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ფლობს ბელარუსი, ან კონკრეტულად, რას გულისხმობს შემოთავაზებული ახალი სამხედრო დოქტრინა, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ბირთვული ტაქტიკური იარაღი, ტექნიკურად, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლადაა შექმნილი და ხმელეთიდან გაშვების შემთხვევაში, 500 კილომეტრამდე დიაპაზონის დაფარვის შესაძლებლობა გააჩნია.
ამასთან, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა განაცხადა, რომ სამხედრო დოქტრინის ცვლილება, პოლონეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე საპასუხო რეაქციაა. ”სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების, კერძოდ, პოლონეთის განცხადებებმა გვაიძულა, რომ გაძლიერებაზე გვეზრუნა", - განაცხადა ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებით გამოწვეული პოტენციური რისკის შეფასებისას, თეთრი სახლი აცხადებს, რომ “მონიტორინგს განაგრძობს, თუმცა არ არსებობს მინიშნება, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება”.
0 კომენტარი