შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, 11 იანვრის შემდეგ, მეორედ მიიტანეს ერთობლივი საჰაერო იერიში იემენში, “ჰუთი" მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. პენტაგონის განაცხადებით, რვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის, “ჰუთების” მიწისქვეშა საცავებსა და მათ სარაკეტო და სათვალთვალო ლოკაციებს, რაკეტები კი განადგურდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ისინი გასაშვებად იყო მომზადებული".
”ჩვენი მიზანი დაძაბულობის დეესკალაცია და წითელ ზღვაში სტაბილურობის აღდგენაა, მაგრამ ამავე დროს, ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებას “ჰუსიტების” ხელმძღვანელობის მისამართით - ჩვენ დავიცავთ მოქალაქეების სიცოცხლესა და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს”, - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია ისიც, რომ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა აღნიშნა, რომ თავდასხმები გახლავთ "თავდაცვის შესაძლებლობა "ჰუთი" მეამბოხეების მიერ ორგანიზებული სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ, რომელთა მთავარ სამიზნეს სავაჭრო გემები წარმოადგენს".
"ჰუთი" მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანია Al Masirah-ი იტყობინება, რომ თავდასხმები იემენის პროვინციებში - სანააში, ტაიზსა და ბაიდაში განხორციელდა, მათ შორის, დედაქალაქის მახლობლად მდებარე ალ-დაილამის საჰაერო ბაზაზე.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, "ჰუთების" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი ერთობლივი იერიში 11 იანვარს მიიტანეს, თუმცა მეამბოხეები, წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე თავდასხმებს, კვლავ განაგრძობენ.
დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ "ჰუთი" მეამბოხეების რაკეტების მარაგის, მინიმუმ 30% განადგურებულია, თუმცა ირანის მიერ მართული და შეიარაღებული დაჯგუფება, წითელ ზღვაში თავდასხმების შეჩერებას, არ გეგმავს.
0 კომენტარი