აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა, წითელ ზღვაში “ჰუთი” მეამბოხეების მიერ ორგანიზებული, ყველაზე დიდი თავდასხმა მოიგერიეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდსხმისას ჩამოგდებულია 21 დრონი და რაკეტა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ “ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდასხმის უკან ირანი დგას”.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 19 ნოემბრის შემდეგ, “ჰუთებმა”, წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე სულ 26 თავდასხმა განახორციელეს. ამერიკელი სამხედროების ცნობითვე, ირანული წარმომავლობის ცალმხრივი თავდასხმის დრონები, გემსაწინააღმდეგო რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები იემენში “ჰუთების” მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან გაუშვეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. მოგვიანებით, “ჰუთის” სამხედრო სპიკერმა იაჰია ალ-სარეამ დაადასტურა, რომ "მათ ჩაატარეს ოპერაცია, რა დროსაც დიდი რაოდენობით ბალისტიკური და საზღვაო რაკეტები, ასევე დრონები გამოიყენეს".

„ჩვენი სამიზნე ამერიკული გემი იყო, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს”, - თქვა "ჰუთ" ამბოხებულების სპიკერმა. მისივე განცხადებით, მეამბოხეები "არ დააყოვნებენ ადეკვატურად გაუმკლავდნენ ყველა მტრულ საფრთხეს და გააგრძელებენ ისრაელისა თუ მათ მოკავშირე სხვა გემებზე თავდასხმებს”.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *