უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო globalnews.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ “ვითარება უკრაინაში მართლაც რთულია, რუსეთი წინა ხაზზე ისევ ინტენსიურად იბრძვის, უკრაინას კი თავდაცვისთვის მეტი რესურსი სჭირდება”. მისივე თქმით, ამ პირობებში დასავლეთში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს.
“დისკუსია, რომელიც მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში და ასევე, ევროპაში, მალე უნდა გადაწყდეს, რადგან ეს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ გახლავთ მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს ვითარება უფრო ფართო ხედვით უნდა შევაფასოთ, რადგან რუსეთი ცდილობს დიდი თამაში გაითამაშოს და დასავლეთის ძალისხმევა გადაწონოს. სწორედ ამიტომ, მძიმე სცენარის თავიდან ასაცილებლად განგაშის ზარების შემოკვრა გვჭირდება - პუტინი არ დანებდება, თუ ჩვენს ერთსულოვნებას ვერ დაინახავს”,- ამბობს ინტერვიუში უკრაინელი დეპუტატი.
შეკითხვაზე, დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რას უპასუხებს სკეპტიკოსთა მცირე ჯგუფს, რომლებიც უკრაინისთვის დაფინანსების გაგრძელების მიმართ ეჭვები აქვთ, დეპუტატი გონჩარენკო პასუხობს, რომ უკრაინის ომს ყველამ ფართო სპექტრიდან უნდა შეხედოს და ცივილიზებული მსოფლიო რუსეთთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.
“უკრაინა დღეს თავს იცავს არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამბედაობა გვაქვს, არამედ იმიტომაც, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენს ქვეყანას ვერ ჩავაბარებთ მათ, ვინც გენოციდს გვიწყობს. ჩვენ ვერ დავნებდებით და არც ცივილიზებული მსოფლიო უნდა დანებდეს. ფაქტია, რომ რუსეთთან წინა ხაზზე ბრძოლა გართულდა, ეკონომიკურადაც სანქციების აღარ ეშინიათ და საკმაოდ მზაკვრული გზები იპოვეს სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ასე რომ, ისინი უფრო და უფრო გათამამდნენ და ახლა ნამდვილად არ გაჩერდებიან შესაბამისი წინააღმდეგობის გარეშე”, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.
0 კომენტარი