globalnews.ge-სთან ინტერვიუში, უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი უკრაინის პირველი პირების ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებსაც აფასებს და ერთი მთავარი გზავნილი აქვს: ”თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის არ დაუბრუნდება მშვიდობის გზას, მან არ იცის რას ნიშნავს მშვიდობა, მითუმეტეს, წარმატების შემთვევაში”. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად, სამხედრო დახმარება დაუყოვნელივ უნდა მიიღოს.
“ჩვენ ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ პუტინი აუცილებლად გააგრძელებს ომების სერიას და აუცილებლად შეეცდება თავისი გავლენის გავრცელებას ევროპის სხვა ქვეყნებში. მანამდე კი, შესაძლო მსხვერპლები იქნებიან საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი. ამიტომ ამ ომში და ზოგადადაც, სამხედრო შესაძლებლობები უმთავრესია. დაუყოვნებლივ გვჭირდება შესაბამისი იარაღი, ახლა ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც შეიძლება მარაგები ამოგვეწუროს, რაც კატასტროფა იქნება. პარალელურად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა, რომელიც ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურად დაგვიპირისპირდეს. პუტინი ფიქრობს, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება უკრაინის მიმართ ყურადღება, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს უკრაინაში”.
დეპუტატი გონჩარენკო globalnews.ge-სთან შეხვედრისას აღნიშნავს, რომ “როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, უკრაინა არ დანებდება”.
“ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც სანამ ბოლო რესურსი არ ამოგვეწურება. ჩვენ არ დავთმობთ არცერთ ჩვენს კუთვნილ მიწას, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და ევროპულ უკრაინას სხვა გზა არ აქვს. ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით წარსულში, რუსული გავლენის არეალში და ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ რუსეთის შემოჭრამდე დიდი ხნით ადრეც. ჩვენ, უკლებლივ ყველა უკრაინულ პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, რუსეთის წინააღმდეგ ომი გვაერთიანებს. ჩვენ ვიცით, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მივიღებთ მონსტრს, რომელიც ჩვენ და ყველა მის მეზობელ სახელმწიფოს თავს ისევ ბევრჯერ დაესხმება. უკრაინაშიც ვფიქრობდით, რომ 21-ე საუკუნეში რუსული ტანკების კოლონა ვერასდროს გამოჩნდებოდა, ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს დღე უკრაინისთვის დადგა?! სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება, რომ დღეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას უკრაინა იცავს - ჩვენ ვდგავართ რუსეთის პირისპირ და ბოლო ძალის ამოწურვამდე, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მეორე მხარეს კი, სრულიად ნათელია რუსეთის გეგმები, ამას ისინი ღიადაც ამბობენ - მათ სურთ იმპერიის აღდგენა, მათ სურთ თავიანთი გავლენის გავრცელება ყველა მეზობელ სახელმწიფოში და სრულებით არ აინტერესებთ უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, ყაზახეთის დამოუკიდებლობა. რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ? ჩვენი ძალები, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი პრინციპებისა და უფლებების დასაცავად მყარად. არავინ ამბობს, რომ ეს მარტივია, პირიქით, მძიმე ბრძოლაა, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”, ამბობს უკრაინელი დეპუტატი.
0 კომენტარი