უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადას წევრებს თავისი ე.წ. გამარჯვების გეგმა წარუდგინა, რომელიც "მოკავშირეების მხარდაჭერისა და გარანტიების მიღების შედეგად, რუსეთთან ომში სამართლიანი მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად".
გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისა და სამი საიდუმლო დანართისგან შედგება.
"უკრაინის გამარჯვების გეგმა ჩვენი სახელმწიფოსა და პოზიციების გაძლიერებას გულისხმობს. ომის დასასრულებლად საკმარისად ძლიერნი უნდა გავხდეთ", - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დასძინა: "თუ ამ კონკრეტული გამარჯვების გეგმით მოძრაობას მალე დავიწყებთ, შესაძლოა ომის დასრულება მოვახერხოთ არაუგვიანეს მომავალი წლისა".
უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გეგმა, ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: უკრაინამ თავისი მოკავშირეებისგან მიიღოს მყარი გარანტიები და ამასთან, ქვეყანას შეიარაღება მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ, რათა რუსეთმა ომში ნებისმიერი შესაძლო პაუზა ხელახალი შეიარაღებისა და აქტიური შეტევისთვის ვეღარ გამოიყენოს.
"ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელია, ეს პარტნიორებზეა დამოკიდებული და არა რუსეთზე. რუსეთი კვლავ გაურბის სამართლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და ჩამოგდებულ ბომბებს შორის უფრო მეტ ულტიმატუმებს გვთავაზობს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის რადაში გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ მან იგივე დოკუმენტი აშშ-ისა და ევროპის ლიდერებს უკვე წარუდგინა, თუმცა როგორც დასავლური მედია წერს, "კიევის მოკავშირეების რეაქცია, ჯერჯერობით, გაურკვეველია".
პრეზიდენტ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ხუთი პუნქტი კი ასე გამოიყურება:
- მოწვევა ნატოში
მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ფაქტობრივი წევრობა უკრაინისთვის ჯერ კიდევ მომავლის საკითხია და დასავლეთში ამ საკითხზე შეჯერებული პოზიცია ამ დროისთვის არ არსებობს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში "მოწვევა გახლავთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს მოითხოვს გარდა მონდომებისა".
2. მეტი იარაღის სწრაფი მიწოდება და მათ გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა
პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მიხედვით, უკრაინამ მოამზადა იმ შეიარაღების სია, რითაც "საკუთარი თავის ეფექტურ დაცვასა და ომის კრემლთან სიახლოვეს გადატანას შეძლებს".
გეგმის მეორე პუნქტი მოიცავს წვრთნასა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებას რუსული თავდასხმების შესაჩერებლად, ამასთან, მოკავშირეებისგან სატელიტური მონაცემების რეალურ დროში მიღებას, ყველა შეზღუდვის მოხსნას დასავლური წარმოების იარაღის გამოყენებაზე რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად და მოკავშირეების დახმარებას უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად.
"კურსკის ოპერაციის წყალობით, დავინახეთ, რომ როდესაც ჩვენ ძლიერად ვმოქმედებთ, პუტინს საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად საკმარისი ძალა აღარ გააჩნია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
3. შეკავების პოლიტიკა
უკრაინა სთავაზობს პარტნიორებს თავის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტი განათავსოს, რაც პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, "უკრაინას რუსეთის ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს". გეგმაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსკოვი ომის დასასრულებლად, თანაბარ დიპლომატიურ პროცესს შეუერთდება, ან ბრძოლის გაგრძელევას ვეღარ შეძლებს.
რადას ტრიბუნაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტს ამ პუნქტის ძირითადი დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა იციან კიევის შეთავაზების შესახებ დაწვრილებით იციან.
4. სტრატეგიული ეკონომიკური პოტენციალი
უკრაინა პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს სთავაზობს ხელი მოაწერონ სპეციალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ლითიუმის, გაზის, ტიტანისა და სხვა რესურსების გამოყენება ერთობლივად გაგრძელდება და ამასთან, ენერგიის წარმოებაც ერთიანი შეთანხმებით მოხდება.
5. ომის შემდგომი პერსპექტივები
"თუ პარტნიორები შეთანხმდებიან, ჩვენ ვგეგმავთ ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის შეიარაღებული ძალების გარკვეული სამხედრო კონტიგენტები, ომის შემდეგ, უკრაინული შენაერთებით შევცვალოთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რაც შეეხება თავად უკრაინელი პოლიტიკოსების რეაქციებს, მათი ნაწილის განცხადებით, გეგმა საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება.
უკრაინის ლიბერალური პარტიის წევრის, რომან ლოსინსკის განცხადებით, "ერთი მხრივ, გეგმა ფანტაზიას ჰგავს, მეორე მხრივ, F-16-ებისა და სხვა მსგავსი შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება ისეთივე ფანტასტიკური იყო, როგორც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის ჩაძირვა და კურსკის ნაწილის კონტროლი".
"ყველაფერი დამოკიდებულია პარტნიორების გადაწყვეტილებებსა და ჩვენი დიპლომატიის წარმატებაზე", - დასძინა ლოზინსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი 17 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება, პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართავს მოწოდებით, მის გეგმას მხარი დაუჭირონ.
"ჩვენ მოვისმენთ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შემოთავაზებული გამარჯვების გეგმის შესახებ და ვიმუშავებთ სამომავლო ნაბიჯებზე, რათა სამშვიდობო ინიციატივის ირგვლივ კონსენსუსი შეიქმნას", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
0 კომენტარი