ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა პლატფორმა X-ზე წერს, რომ სომხეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობის 30 წლის თავზე, ერევანთან ურთიერთობის გაღრმავებას "განსაკუთრებით მიესალმება".
"დღეს 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი ნატოს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, ჩვენ ავაშენეთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით. განსაკუთრებით მივესალმები სომხეთის დიდი ხნის განმავლობაში შეტანილ წვლილს ნატოს KFOR-ის მისიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ნატოში სომხეთის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სომხეთი ნატოს "ოპერაციული პარტნიორი გახლდათ და ნატოს ხელმძღვანელობით ISAF-ის მისიას მხარს უჭერდა, ამასთან, მონაწილეობს კოსოვოს მისიაში 2004 წლიდან და მხარდამხარ მუშაობს ნატოს ძალებთან, რათა დაიცვას უსაფრთხოება, მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ მისიებს და დაიცვას მშვიდობა".
"იქიდან გამომდინარე, რომ ნატო მტკიცედ განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სომხეთი აპირებს, გასული 30 წლის მიღწევებზე დაყრდნობით, გააღრმაოს თანამშრომლობა ნატოსთან ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით, რაც გვამზადებს მომავალი გამოწვევებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
3 ოქტომბერს, ნატო-ს დელეგაცია ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იანუშ ადამჩიკის ხელმძღვანელობით, სომხეთს ესტუმრა. დელეგაციამ შეხვედრა გამართა როგორც სომხეთის თავდაცვის პირველ მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან, ასევე, უწყების სხვა მაღალჩინოსნებთან.
მხარეებმა სომხეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და სომხური მედიის ცნობით, ოფიციალურმა ერევანმა ალიანსის წარმომადგენლებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სომხეთი ჯერ კიდევ რუსეთის გარშემო არსებული "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" წევრია, თუმცა, როგორც მთავრობა აცხადებს, წევრობა რამდენიმე თვეა, "გაყინულია".
0 კომენტარი