რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბირთვული შეკავების სახელმწიფო დოქტრინაში ცვლილებების წინადადებით გამოვიდა. კერძოდ, პუტინი საჭიროდ მიიჩნევს იმ სამხედრო საფრთხეების ჩამონათვალის გაფართოებას, რომლის საპასუხოდ მოსკოვი თავს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს.
პუტინის მიერ წარმოდგენილი დოქტრინის ახალ ვერსიაში ბირთვული იარაღის გამოყენება გათვალისწინებულია რუსეთზე არა მხოლოდ ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი იარაღით მასიური თავდასხმის შემთხვევაში. პუტინმა ახსენა სტრატეგიული ან ტაქტიკური თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო თვითმფრინავები (დრონები), ჰიპერბგერითი რაკეტები და სხვა ფრთოსანი აპარატები. რუსეთის მხრიდან ბირთვულ რეაგირებას გამოიწვევს ასევე სარწმუნო ინფორმაცია რუსეთზე საჰაერო-კოსმოსური საშუალებებით თავდასხმის დაწყების შესახებ.
რუსეთს, ახალი დოქტრინით, უფლება ექნება, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს ასევე "საკავშირო სახელმწიფოს" წევრ, ბელარუსის დასაცავად.
მანამდე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება დმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევი „რუხ გამდნარ წერტილად“ შეიძლება იქცეს, თუკი შესუსტდება აკრძალვები უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე.
RFE/RL
0 კომენტარი