4 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის საკადრო რეორგანიზაცია გამოაცხადა. თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვაც დააანონსა. მისივე ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების წერილი პარლამენტს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ, გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ და პრემიერმინისტრის მოადგილემ და რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გაუგზავნეს. 

4 სექტემბერსვე გამართულ სხდომაზე, რადამ ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა, თუმცა თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი  ოლგა სტეფანიშინა, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი, იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი. 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება. 

"მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის. ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

3 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კი მან თქვა, რომ "შემოდგომა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა შეიცვალოს, რომ უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს". 

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დმიტრო კულებას ანდრიი სიბიჰა ჩაანაცვლებს. მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას უმაღლესი რადა, სავარაუდოდ, ხვალ, 5 სექტემბერს გამოაცხადებს. 

ანდრიი სიბიჰა უკრაინის საგარეო უწყებაში მინისტრ კულებას პირველი მოადგილეა და როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ის გამოცდილი დიპლომატის რეპუტაციით სარგებლობს. ანდრიი სიბიჰა სხვადასხვა პერიოდში თურქეთში უკრაინის ელჩისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *