აზერბაიჯანის საპრეზიდენტო პარტია "ახალი აზერბაიჯანი" 125 ადგილიდან პარლამენტში 68 ადგილს დაიკავებს, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩვენო კომისია ავრცელებს თითქნის ყველა უბნის მონაცემების დათვლის საფუძველზე.
კიდევ 44 ადგილი პროსახელისუფლებო პოზიციის მქონე დამოუკიდებელ კანდიდატებს შეხვდებათ.12 ადგილს დაიკავებენ პატარა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მთავრობას უჭერენ მხარს. მხოლოდ ერთ ადგილს დაიკავებს „რესპუბლიკური ალტერნატივის“ წარმომადგენელი ოპოზიციონერი კანდიდატი ერკინ გარიდლი
მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ მეშვიდედ გამოუცხადა ბოიკოტი „გაყალბებული არჩევნების სამთავრობო მასკარადს“. მეორე ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“ (თანასწორობა) 15 წლის განმავლობაში პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა. მისმა ლიდერმა არიფ გაჯილმა თქვა, რომ პარტიას არჩევნების სამართლიანობის არ სჯერა, მაგრამ მონაწილება გადაწყვიტა „ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფეროს გააქტიურებისთვის“.
„მუსავათმა“ ხმის მიცემის პროცესში მასობრივი დარღვევები დააფიქსირა მათ შორის „კარუსელები“, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი სხვადასხვა უბანზე აძლევს ხმას. ეს შემთხვევები რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა ვიდეოზეც გადაიღო. „კარუსელში“ მონაწილე ერთი ქალი გამოტყდა კიდეც, რომ ხმა ნამდვილად ორჯერ მისცა ბაქოსა და სუმგაითში რადგან ეს „სამსახურში სთხოვეს“.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით. არჩევნებს 50 სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა, ყველაზე მეტი დამკვირვებელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) ჰყავდა, ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისის ანგარიშს დღეს, 2 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
ამომრჩეველთა აქტივობამ 37.3% შეადგინა. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიან ყარაბაღზე. არსებული ინფორმაციით რეგიონი ასი ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა. 2024 წლის თებერვალში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. ის ხელისუფლებაშია ოც წელზე მეტია.
საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აზერბაიჯანში 2024 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, დეპუტატებმა, რომელთაგან 69 „ახალ აზერბაიჯანს“ წარმოადგენდა ხმა მისცა მის სექტემბერში გადმოტანას. დეპუტატებმა ამის აუცილებლობა გაეროს კონფერენციით ახსნეს, რომელიც ბაქოში ნოემბერში გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის პერიოდში, რომელსაც 80 ათასამდე უცხოელი დაესწრება სტუდენტებს დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანენ, მოსწავლეებს კი არდადეგები ექნებათ.
მიმდინარე არჩევნები და მომავალი კონფერენცია ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების მასობრივი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.
RFE/RL
0 კომენტარი