სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთმა ОДКБ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხურ მედიაში ვრცელდება.
"ОДКБ-ში მონაწილეობა ყველა დონეზე შევაჩერეთ და ამ ეტაპზე ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ამ საკითხზე დისკუსია შესაძლებელია, ყველა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია" - თქვა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 12 ივნისს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ОДКБ-ს დატოვებდა. მანამდე, 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეუჩერა.
"თუ ჩვენ გვექნება იმ ორგანიზაციის იმედი, რომლის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რადგან, პრინციპში, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც არ შეიძლება ჰქონდეთ მისი იმედი და ეს დამოწმებულია ორგანიზაციის რეაქციებითა და წევრი ქვეყნების განცხადებებით და ჩვენი საზოგადოება კითხულობს, რატომ ვაგრძელებთ ОДКБ-ს წევრობას - გულწრფელად რომ ვთქვა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამაჩნია." – თქვა მიმდინარე წლის აპრილში ფაშინიანმა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი ОДКБ-ს წევრი 1992 წლიდანაა. ორგანიზაციის წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.
0 კომენტარი