კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში, დონბასის რეგიონში რამდენიმე მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ.
პოკროვსკის მიმართულება
ქალაქი პოკროვსკის მიმართულებით რუსი სამხედროების იერიშის ხელახალმა წამოწყებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზს მწვავე კრიზისი შეუქმნა. უკრაინელებმა რამდენიმე დღეში დაკარგეს ქალაქი ნოვოგრადოვკა, რომელიც რუსმა სამხედროებმა თითქმის სრულად დაიკავეს, ვერ შეაჩერეს ვერც მოწინააღმდეგეების ამ ქალაქიდან აღმოსავლეთით წინსვლა. შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სელიდოვესა და უკრაინსკის დაცვის ხაზამდე მიაღწიეს. ამგვარად, ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობას მომარაგების გზები გადაუჭრეს.
სელიდოვესა და უკრაინსკის აღმოსავლეთით განთავსებულმა სამხედროებმა უკანდახევა დაიწყეს. თითქმის უბრძოლველად დატოვეს მნიშვნელოვანი სოფელი კარლოვკა და კარლოვკის წყალსაცავის ტერიტორია. შესაბამისად, ფრონტის ხაზი უფრო და უფრო უახლოვდება ქალაქ უკრაინსკსა და სელიდოვეს არამხოლოდ ჩრდილოეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდანაც.
ამას გარდა, სელიდოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ დაიწყეს წინსვლა დაკავებული ქალაქი მარინკიდან და კრასნოგოროვკიდან. რუსი სამხედროები კურახოვოსკენ მიემართებიან. ეს დასახლებული პუნქტი, პოკროვსკთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დონბასის სამხრეთ და ცენტრალურ ტერიტორიებზე ლოგისტიკური მომარაგების უმნიშვნელოვანესი წერტილია.
ჯერჯერობით არაა ცხადი, აპირებენ თუ არა რუსი სამხედროები კურახოვოს მიმართულებით წინსვლასთან ერთად ქალაქ პოკროვსკზე იერიშის მიტანასაც. მსხვილ ქალაქზე თავდასხმას სავარაუდოდ დიდი ძალა და დრო დასჭირდება. ჯერჯერობით, ოკუპანტები ცდილობენ პოკროვსკის შემოგარენის დაკავებას - გროდოვკის დასახლებასა და მის მახლობლად მდებარე სოფლებს.
უგლედარის მიმართულება
მიუხედავად იმისა, რომ კურახოვოს მიმართულებით რუსების წინსვლა მხოლოდ ახლა დაიწყო, დონბასის სამხრეთში, უგლედარში უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ამ მიმართულებით ისინი მომარაგებას სწორედ კურახოვოს გავლით იღებდნენ. უკრაინელებმა აქ ვერ შეძლეს რუსეთის მიერ აღმოსავლეთიდან მიტანილი იერიშების მოგერიება. ოკუპანტებმა ვოდიანოიეს დასახლებამდე და "იუჟოდონეცკაიას" მაღარომდე მაღწიეს. ეს ობიექტები უგლედარის ჩრდილოეთით მდებარეობს. დაიკავეს სოფელი კონსტანტინოვკის დიდი ნაწილიც. შედეგად, მთავარი გზა, რომელიც კურახოვოსა და უგლედარს აკავშირებდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს.
დასავლეთის მიმართულებით რუსი სამხედროების შემდგომი დაწინაურება უგლედარის გამაგრებული ტერიტორიის დაცვის მიზანშეწონილობას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ეჭვქვეშ დააყენებს.
ტორეცკის მიმართულება
პარალელურად რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ტორეცკზე იერიშებს აგრძელებენ. უკრაინელებმა ქალაქის მისადგომებისკენ მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება ვერ შეძლეს.
გააქტიურდნენ ტორეცკის აღმოსავლეთით განლაგებული რუსი სამხედროებიც. ისინი დაწინაურდნენ სევერსკი დონეცი - დონბასის არხის ტერიტორიის მიმართულებით და არხისკენ ანდრიივკის მიმართულებიდან წინ მიიწევენ. შესაბამისად, ტორეცკის რაიონს შესაძლოა ორი მხრიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად შეუტიონ.
კუპიანსკის მიმართულება
მცირე შესვენების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა იერიში განაახლეს კუპიანსკის მიმართულებითაც, ხარკოვის ოლქის სამხრეთში. დაიკავეს სოფელი სინკოვკის დიდი ნაწილი. აქ უკრაინის თავდაცვა ერთ წელზე მეტ ხანს იყო გამაგრებული და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური იერიში და სატანკო თავდასხმები მოიგერიეს.
კიდევ უფრო სამხრეთით, რუსი ჯარისკაცები ღრმად შეიჭრნენ პიშჩანეს რაიონში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვაში. ისინი მდინარე ოსკოლიდან უკვე 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. თუ ოკუპანტები მდინარის ნაპირამდე მიაღწევენ, დასავლეთ სანაპიროზე განლაგებული უკრაინელი სამხედროები შეიარაღებული ძალების მთავარ ჯგუფს მოწყდებიან.
კურსკის მიმართულება
პარალელურად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ტემპი ამ მიმართულებით შენელდა. ჯავშანტექნიკის ჯგუფებით პატარ-პატარა თავდასხმები მათთვის შედეგიანი აღარაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ რეგიონში რეზერვები გადასხა, ფრონტი უფრო რთულად გასარღვევი გახდა. უკრაინელებს აქვთ ჯავშანტექნიკის დანაკარგები, ძირითადად მოწინააღმდეგის მიერ დრონების, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენების შედეგად. უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის გამაგრებულ პუნქტებს შორის ვეღარ აღწევენ.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს და არტილერიის, დრონებისა და ტანკების მხარდაჭერით ქვეითთა იერიშები წამოიწყეს. უკრაინელებმა სწორედ ასე შეცვალეს ტაქტიკა 2023 წელს, ზაპოროჟიეში მიმდინარე კონტრიერიშისა და 2024 წლის ზამთარში ავდიივკის მიმართულებით რუსი სამხედროების შეტევის დროს.
უკრაინელებმა შეძლეს რამდენიმე ტაქტიკური დავალების მოგვარება: დაიკავეს სოფელი მარტინოვკა, რომელიც სუჯა-კურსკის ტრასის მახლობლად მდებარეობს. ცდილობენ ნეჩაევისა და ნიჟნი პარავოის მიმართულებით დაწინაურებას აღმოსავლეთის მიმართულებით. წინსვლას ცდილობენ ამ გზის დასავლეთითაც, პუშკარნოეს რაიონში. იერიშის მიზანი რაიონულ ცენტრ ბოლშოიე სოლდატსკოიემდე (ბოლშესოლდატსკოიეს რაიონული ცენტრი) მიღწევაა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს შტურმით აეღოთ რაიონული ცენტრი კორენოვო. მეზობლად მდებარე ოლგოვკაში ჩრდილოეთის მიმართულებიდან შეღწევის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და მოქმედებების დროს დაკარგეს ოლგოვკის ის ნაწილები, რომლებსაც აკონტროლებდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა ვითარება ვერ გააუმჯობესეს დასახლება კაუჩუკის მიმართულებითაც. აქ მათი წინსვლა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეაჩერეს.
უკრაინელმა სამხედროებს დიდი მიღწევები ჰქონდათ კორენოვოს სამხრეთით, სადაც მათ შეძლეს სამი სოფლის: სნაგოსტის, ვიშნევკისა და კრასნოოქტიაბრსკოიეს დაკავება. შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს მდინარე სეიმამდე და კორენოვო სხვა რაიონულ ცენტრს, გლუშკოვოს მოწყვიტეს. გლუშკოვის რაიონში ხიდები უკვე განადგურებულია, თუმცა რუსი სამხედროები, უკრაინელების იერიშიების მიუხედავად, პონტონები, ანუ მოტივტივე ხიდების შენებას, რათა გლუშკოვოსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ტეტკინოში განთავსებული ჯარები მოამარაგონ.
ქალაქი სუჯის აღმოსავლეთით რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა არამხოლოდ შეაჩერეს, არამედ დაიწყეს საპასუხო თავდასხმებიც. სავარაუდოდ, უკრაინული ძალების ქალაქ სუჯამდე და მდინარე პსელის მიღმა დაბრუნებას ცდილობენ. მიმდინარეობს ბრძოლები სოფელი სპალნოიესა და ბორკისთვის, სადაც უკრაინელები თავდაცვითი ხაზის შენებას ცდილობენ.
კუსკის ფრონტის მიმართულებას რუსები ავიაციით ბომბავენ. მანამ, სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები იერიშში მობილურ ჯგუფებს იყენებდნენ, საჰაერო იერიშები არაეფექტური იყო. როგორც კი უკრაინელების შეტევა შეჩერდა, ამ მიმართულებით საჰაერო დარტყმების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა.
TABULA
0 კომენტარი