26 აგვისტოს უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აფეთქებების შესახებ კიევის და უკრაინის 14 რეგიონიდან იუწყებიან, ეს ჩანს უკრაინის საჰაერო განგაშის რუკიდანაც. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების მონაცემებით, ლუცკში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა მრავალბინიანი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი.
პოლტავის ოლქში სამი აფეთქება იყო. დაშავდა ხუთი ადამიანი და სამრეწველო ობიექტი. მინიმუმ ოთხი აფეთქება იყო ვინიცის ოლქში, ორ-ორი - დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებში და კიევში. თითო აფეთქების შესახებ იუწყებიან კიდევ შვიდი რეგიონიდან. ამ მომენტისათვის დაშავებულების შესახებ ცნობა არ არსებობს. მასირებული დაბომბვის გამო "უკრენერგომ" რამდენიმე ქალაქში გათიშა ელექტროენერგია.
კიევის ზოგ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეფერხდა წყალმომარაგებაც. წყალმომარაგების გარეშე დარჩა ასევე ჟიტომირი. შეფერხებებია რკინიგზაზეც, უკრაინის რკინიგზამ სარეზერვო თბომავლები გამოიყვანა ხაზებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა მასშტაბური დარტყმა მიაყენეს სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს.
„ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურების სურვილი რუსებს მათი ინფრასტრუქტურისთვის ძვირად დაუჯდებათ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კონკრეტული ობიექტი დაიბომბა.
RFE/RL
0 კომენტარი