გავლენიანი ამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება. სტატია "ქართული ოცნების' განცხადებებსა და იმ წინასაარჩევნო პირობას ეხმიანება, რომელიც ჯერ 4-პუნქტიანი გეგმის სახით პარტიის პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა, შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლების სხვა ლიდერებმა გაიმეორეს.
"26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად "ნაციონალური მოძრაობისთვის", სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დააინიცირებს სამართლებრივ პროცესს, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელბსაც "ქართული ოცნება" მათ სატელიტებად მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება მანდატების გაუქმება იქნება. მან დააკონკრეტა ის პარტიებიც, რომელთა აკრძალვასაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" საბაბით აკრძალავენ:
- ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ("სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო")
- ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის
- ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია
- გიორგი გახარიას პარტია
გამოცემა ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ზომები უკრაინასა და მოლდოვაშიც არის მიღებული და ამას მათსა და დასავლეთს შორის გადებული ხიდებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
"აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ხსენებულ ქვეყანაში კონკრეტულად პრორუსული ფრაქციები აკრძალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მოწყობის გეგმებზე არსებული გაფრთხილებების ფონზე. ორივე ქვეყანამ შეინარჩუნა ძლიერი, ცოცხალი მრავალპარტიული სისტემა", — წერს გამოცემა და ამატებს, რომ ევროკავშირს ამ დროისთვის ისედაც შეჩერებული აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაღმასვლის გამო და ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმაც შეაჩერა დაფინანსება საქართველოს კრემლისკენ გადახრის მიზეზით.
0 კომენტარი