ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმიტ ზელენსკისთან შესახვედრად, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ ჩავიდა. ერთი თვის წინ, ის ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს უკრაინაში პრემიერ მოდის პირველი ვიზიტია. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად, ინდოეთის ლიდერი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
უკრაინისა და ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისას, ძირითადად, ეკონომიკურ კავშირებზე, ასევე, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრებდნენ, თუმცა ბუნებრივია, თავიდანვე არსებობდა ძლიერი მოლოდინი, რომ ორი ლიდერი საუბრისას მთავარ დროს სწორედ მიმდინარე ომს დაუთმობდა.
კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთმა მოსკოვთან კავშირები შეინარჩუნა. პრემიერმა მოდიმ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა, თუმცა უარი თქვა ომზე პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა. ერთი თვის წინ კი, მოსკოვში მისი ოფიციალური ვიზიტი, უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის სასტიკ თავდასხმას დაემთხვა.
მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ინდოეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტი მკაცრად გააკრიტიკა.
"უზარმაზარი იმედგაცრუება და დამღუპველი დარტყმაა სამშვიდობო მცდელობებისთვის, როდესაც ხედავ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოში ყველაზე სისხლიან კრიმინალს მოსკოვში ეხუტება", - წერს ზელენსკი ინტერნეტში.
რუსეთსა და ინდოეთს შორის სამხედრო, სავაჭრო და დიპლომატიური კავშირები უკვე საკმაოდ გაღრმავდა. ინდოეთი ნავთობის 40%-ზე მეტს და შეიარაღების 60%-ს რუსეთიდან ყიდულობს, ასევე იმპორტს ახორციელებს ნახშირის, სასუქის, მცენარეული ზეთისა და ძვირფასი ლითონების მნიშვნელოვანი რაოდენობით. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის რუსეთთან კრიტიკული დაპირისპირება, ინდოეთის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ეს მოსკოვს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების გატარების მოტივაციას აძლევს. ასევე, ანალიტიკოსების აზრით, ნიუ დელი ფრთხილობს, რომ მოსკოვის მასთან გაუცხოებამ, შესაძლოა, რუსეთი ჩინეთთან კიდევ უფრო მეტად დააახლოოს, რომელიც აზიაში ინდოეთის მთავარ მეტოქეს წარმოადგენს. გეოპოლიტიკურ გათვლებს კიდევ უფრო ამძიმებს აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების გაღიზიანება მოდის რუსეთისადმი მეგობრული პოზიციით ჩასვლასთან დაკავშირებით, "თუმცა, დასავლეთს ასევე არ სურს, რომ ინდოეთმა ეს გავლენა მოსკოვზე დაკარგოს, რადგან ინდოეთი შესაძლოა ჩინეთის საპირწონე გახდეს, როდესაც კრემლზე ზემოქმედებას შეეცდება". ასეთია ანალიტიკოსების მოსაზრებები.
"ინდოეთი შეეცდება თავი წარმოაჩინოს მშვიდობისმყოფელის სტატუსით და ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩაერთოს", - ამბობს გერმანულ გამოცემა DW-სთან აშოკას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასისტენტი, პროფესორი ამიტ ჯულკა. მისივე თქმით, "უკრაინაში მოდის ვიზიტის ფოკუსში ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი და აღდგენის პერსპექტივებიც მოექცევა, რადგან რუსეთთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ინდოეთს დასავლეთის გაუცხოება არ სურს".
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კიევში სამშვიდობო გეგმაზე არ ისაუბრებს, თუმცა დააფიქსირებს პოზიციას, რომ ინდოეთი ომის სამშვიდობო მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზადაა.
0 კომენტარი