ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს ანტონ ალიხანოვს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო ნედლეულის შეძენის შეუძლებლობის გამო.

როგორც “ერბეკა” წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ ჩინეთიდანაც.

საუბარია, პირველ რიგში, პოლიმეთილენფენილიზოციანატზე, რომელიც გამოიყენება მაცივრების, ავტო-ნაწილების, მილების, სამონტაჟო ქაფების, სალუქავებისა და ჩამოსასხმელი იატაკის წარმოებაში. წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად არსებული მასალების მარაგი ორ თვეში ამოიწურება და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გარიგების მიღწევა მომწოდებლებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილს ისეთი კომპანიები აწერენ, როგორიცაა “ტექნონიკოლი”, “ბეკო”, “ვერატეკი”, “რუსტა” და “ვერახიმი”.

  • უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა მიმდინარე წლის 24 ივნისს დაამტკიცა.
  • ახალი ზომები ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს და მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
 
წყარო: RFE/RL

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *