სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელი ცეცხლის შეყვეტის შეთანხმებაზე თანხმობისთვის მზადაა და ჰამასსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

"მნიშვნელოვნად კონსტრუქციული შეხვედრისას პრემიერმა ნეთანიაჰუმ დამიდასტურა, რომ ისრაელი მხარს უჭერს შეთანხმებას. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰამასის თანხმობაა", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, თუმცა არ დაკონკტრეტებულა შეთანხმების დეტალები. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გაემგზავრა და ქვეყნის პირველ პირს, აბდელ-ფატაჰ ელ-სისის შეხვდა. ეგვიპტე, აშშ-სა და კატართან ერთად, ახლო აღმოსავლეთში ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მომლაპარაკებელ სახელმწიფოდ მოიაზრება. 

ეგვიპტის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ "დროა დასრულდეს ომი". მან ასევე მიანიშნა, რომ რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რისკი არსებობს და ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. 

"დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ", - განაცხადა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ. მისივე განცხადებით, "ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პალესტინის სახელმწიფოს უფრო ფართო საერთაშორისო აღიარების დასაწყისი და ორ სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრა, რადგან ეს რეგიონში სტაბილურობის ძირითადი გარანტი იქნება". 

ჰამასის განცხადებით, თავად მოლაპარაკების მომხრეა, შეთანხმებას კი, მხოლოდ ნეთანიაჰუ აფერხებდა შუამავლებთან ახალი მოთხოვნების დამატებით. ისრაელის მხარე, აღნიშნულ ბრალდებას, კატეგორიულად უარყოფს. 
უკვე თვეებია, რაც ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები ერთსა და იმავე საკითხზე მიმდინარეობს - ისრაელი ამბობს, რომ ომის დასრულება შესაძლებელოა ჰამასის, როგორც სამხედრო და პოლიტიკური ძალის სრული განადგურების შემდეგ, ჰამასი კი ამბობს, რომ ის დათანხმდება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივ და არა დროებით შეწყვეტას. ასევე, მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ისრაელის სამხედრო მზადყოფნა ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ, რომელიც პალესტინელების თავისუფალ გადაადგილებას აკონტროლებს.  
ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარეებს რეგიონში საერთაშორისო მისიით ყოფნა შესთავაზა, რაც წყაროებისვე თქმით, კაიროსთვის შესაძლოა მისაღები წინადადება იყოს, თუ მისია მაქსიმუმ ექვსი თვით შემოიფარგლება.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *