აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების დაბრუნებისთვის "სავარაუდოდ საუკეთესო და ალბათ უკანასკნელი შესაძლებლობაა". სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ჩვენ ვმუშაობთ, რათა არ მოხდეს ესკალაცია, არ მოხდეს პროვოკაცია, არ იყოს ისეთი ქმედებები, რომელიც რაიმე სახით დაგვაშორებს ამ შეთანხმების მიღწევას, ან მოახდენს კონფლიქტის ესკალაციას სხვა ადგილებში, მეტი ინტენსივობით. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტია, სავარაუდოდ, საუკეთესო, ალბათ უკანაკნელიც კი მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მე აქ ვარ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეცხრედ იმყოფება. მისი ვიზიტი მიმდინარეობს რეგიონში საკმაოდ გამძაფრებული პროცესების ფონზე, როდესაც იზრდება შიში, რომ შესაძლოა კონფლიქტი ღრმა რეგიონალურ ომში გადაიზარდოს ლიბანში ბოევიკების უმაღლესი მეთაურების მკვლელობის შემდეგ, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.
ისრაელის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ისრაელის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მიანიშნა ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმების ინტენსივობაზე.
"ასე ვცხოვრობთ, ამ პირობებში. ჩვენ გარშემორტყმული ვართ ტერორიზმით ოთხივე კუთხიდან, თუმცა ჩვენ ვიბრძვით, როგორც მტკიცე და ძლიერი ერი", - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტის მედიატორები მიმდინარე კვირას კაიროში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცადონ. 20 აგვისტოს, სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში მას შემდეგ გაემგზავრება, რაც ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრებს დაასრულებს.
ახლო აღმოსავლეთში ომი 7 ოქტომბერს, როდესაც "ჰამასის" მეთაურობით ბოევიკები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1200-მდე ადამიანი მოკლეს, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო 250-ზე მეტი გაიტაცეს. მათგან 110 ტყვე ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება, თუმცა ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ტყვეთა დაახლოებით მესამედი, უკვე დაღუპულია. გასული წლის ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიანი შეთანხმების შემდეგ, 100-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს.
ისრაელის კონტრშეტევამ ღაზაში, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 40 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გასული კვირის ბოლოს, სამმა ქვეყანამ, რომლებიც შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას შუამავლობდნენ - ეგვიპტე, ყატარმა და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესის შესახებ დააანონსეს, რომლის მიხედვითაც ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების უმეტესობას შეაჩერებდა და რამდენიმე პალესტინელ პატიმარს მძევლების სანაცვლოდ გაათავისუფლებდა.
"ჰამასი" ისრაელს ახალი მოთხოვნების დამატებაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც თითქოს ისრაელი ღაზა-ეგვიპტის საზღვართან სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნებას ცდილობს იარაღის კონტრაბანდის კონტროლის მოტივით. ისრაელმა განაცხადა, რომ ეს არ გახლდათ ახალი მოთხოვნა, არამედ ადრინდელი შეთანხმების ნაწილია.
0 კომენტარი