უკრაინის რადას წევრის, ივანა კლიმპუშ ცინცაძის განცხადებით, უკრაინისთვის გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომდინარე თავდასხმები და რომ უკრაინას არასდროს უცდია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნის შეთავაზება. 

"ჩემი მეუღლე ქართველია და უკვე მრავალი წელია, საქართველოზე შეყვარებული ვარ. ჩემთვის, არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსისთვის, არამედ, პიროვნულადაც მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს საქართველო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. მე ღიად ვუთხარი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში, რომ თქვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება დღეს უკრაინის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ბელარუსის მსგავსად, საკუთარი დროშა გქონდეთ და პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ქართველიც გყავდეთ, თუმცა არასოდეს გექნებათ სუვერენიტეტი და საქართველოს სრულად რუსეთი დაეპატრონება. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რამდენად შავ-თეთრი რეალობაა და რომ პოზიცია სწორედ ამ ორ ხაზს შორისაა გასავლები. ასევე მესმის შეშფოთებაც, ისიც, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა ოკუპირებული ტერიტორიებით, მაგრამ რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები? უკრაინას არასდროს... ვიმეორებ, არასდროს უცდია საქართველოსთვის მეორე ფრონტის შეთავაზება. ძალიან ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების კუთხითაც ბევრი კეთდება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მეორე მხრივ, არ გვესმის ჩვენზე თავდასხმები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერი ისევ შეძლებს ერთმანეთთან გულწრფელ ურთიერთობას, ჩვენ ერთმანეთთან ირაციონალური სიყვარული გვაკავშირებს. ჩვენი ფრონტის წინა ხაზზე მოხალისედ ათეულობით ქართველი მებრძოლი საკუთარ ღირსებასაც იცავს. სამწუხაროდ, ამ ომში, ყველაზე მეტი მსხვერპლი უცხო ქვეყნებიდან ქართველებმა განიცადეს. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. იმედი მაქვს, ჩვენს ერებს შორის სახალხო სიყვარული, ოფიციალურ დონეზეც მალე აღდგება", - ამბობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე. 

უკრაინის რადას წევრის, მარია იანოვას განცხადებით კი, ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან გაჟღერებული თავდასხმები უკრაინის მიმართ, უკრაინელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. 

"მართლაც, როდესაც ქართველი ოფიციალური პირებისგან თავდასხმები გვესმის, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და მტკივნეულია. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად მივისწრაფოდით ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ არ გვსურს ვუყუროთ საქართველოს ჩუმ ოკუპაციას. საქართველო ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს საკუთარ ადგილს დასავლეთში. ჩვენთვის მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა ეს პროცესი გაყინულია. ეს ჩვენთვისაც უმძიმესი რეალობაა, რადგან ყოველთვის ერთად ვიყავით. ჩვენ გვინდა გამარჯვებული საქართველოს ხილვა და არა ომი, როგორც ამას საქართველოს მთავრობა გვაბრალებს", - აღნიშნავს უკრაინელი კანონმდებელი. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *