"ევროპული საბჭო მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას, სომხეთთან ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგი დაიწყოს", – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.
17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ თვეებში კი, ევროკომისია სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.
მას შემდეგ, რაც სომხეთსა და მის მრავალწლიან მოკავშირე რუსეთს შორის ყარაბაღის მეორე ომის გამო ურთიერთობა გაუარესდა, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ დასავლური კურსი აირჩია და აქტიური გადაწყვეტილებების მიღებაც დაიწყო. კერძოდ, ერევანი ბრიუსელთან და ვაშინგტონთან უფრო და უფრო მჭიდრო პოლიტიკურ კავშირებს ამყარებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთში სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024.
0 კომენტარი