რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი, დაახლოებით, 50 ადამიანი კი, დაჭრილია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე, 40-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს. აფეთქებები ისმოდა კიევშიც, მათ შორის, დაიბომბა სამედიცინო დაწესებულება. კერძოდ კი, ბავშვთა საავადმყოფო, რომლის ქვეშაც მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. უკრაინის სახალხო დამცველის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, განმეორებითი თავდასხმისას რუსული რაკეტა სამშობიარო სახლს მოხვდა.
უკრაინაში რუსულ მორიგ თავდასხმებს, მსოფლიო ლიდერების შეფასებები უკვე მოჰყვა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, "პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატო-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები".
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, "რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს".
"რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდიტი" განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე.
0 კომენტარი