ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. შოიგუსა და გერასიმოვს ბრალი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ედებათ.
„არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ორ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე. ამ დროის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მრავალ ადგილას განახორციელა დიდი რაოდენობით დარტყმები ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ჰააგის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
„მივესალმები დღევანდელ ორდერს, რომელიც გაცემულია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ორი საკვანძო ფიგურის დასაკავებლად. ორივეს ბრალი ედება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საზარელი დანაშაულების ჩადენაში. ეს ბარბაროსული სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები კვლავაც გრძელდება მთელ უკრაინაში. ყველა კრიმინალმა, რომელიც მონაწილეობს ამ დარტყმების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ გისოსებს მიღმა ვიხილავთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა.
0 კომენტარი