სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია უნდა შეიმუშაოს, რასაც ქვეყნის ოპოზიცია აზერბაიჯანის მოთხოვნების დაკმაყოფილებად განიხილავს. სხვა რეფორმებთან ერთად, პრემიერს სურს, ქვეყნის მთავარი კანონიდან ამოიღოს პუნქტი, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანებას ითვალისწინებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ მთიანი რეგიონისთვის ორი ომი გაიმართა - 1991-94 და 2020 წლებში. 31 წლის განმავლობაში ძირითადად სომხებით დასახლებულ ტერიტორიას მთიანი ყარაბაღის (სომხურად არცახის) რესპუბლიკა ერქვა და მას ეთნიკური სომხები მართავდნენ.
თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა 2024 წლის 1 იანვარს, სამი თვის თავზე მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სამხედრო შეტევამ აიძულა რეგიონის მთელი სომხური მოსახლეობა, სომხეთში გაქცეულიყო.
ახლა ფაშინიანი და მისი მთავრობა ამბობენ, რომ გარე საფრთხეები მოითხოვს კონსტიტუციის პრეამბულის ცვლილებას, რომელიც ასახავს 1990 წლის სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტს.
წინა დოკუმენტი ადასტურებს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 1 დეკემბრის დეკლარაციას, რომელიც სომხეთის სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანებას ითვალისწინებს.
სომხეთის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებამ, კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერი ამოეღო, ქვეყანაში ცხარე დებატები გამოიწვია.
თავისი იდეა პირველად ფაშინიანმა გასული წლის 18 იანვარს, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის განხილვისას გააჟღერა და ორი ძირითადი მიზეზი დაასახელა. ერთი, რომ წინა საკონსტიტუციო რეფერენდუმებთან დაკავშირებით გაყალბების ბრალდებები იყო, რაც ეჭვქვეშ აყენებდა დოკუმენტის ლეგიტიმურობას და მეორე, რომ „ახალი გეოპოლიტიკური და რეგიონალური რეალობა“ მოითხოვს ახალ კონსტიტუციას, რათა სომხეთი სიცოცხლისუნარიანი და კონკურენტუნარიანი იყოს.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის სსრ-ის 1989 წლის დეკლარაცია, რომელიც ყარაბაღთან გაერთიანებისკენ აკეთებდა მოწოდებას, წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს შეიძლება გახდეს საბაბი აზერბაიჯანის შემდგომი ქმედებებისთვის.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს გვექნება მშვიდობა. უფრო მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ახლა გვექნება ომი... ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს არმიას და ყველა ხედავს, რომ ჩვენ დიდ რესურსებს ვხარჯავთ ჯარის რეორგანიზაციაზე. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს არმიას და მიზნად ვისახავთ ჩვენი დეკლარაციის დებულებების განხორციელებას ყარაბაღთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობლები გაერთიანდებიან ჩვენს გასანადგურებლად“, - განაცხადა პრემიერმა რადიოინტერვიუში.
0 კომენტარი