ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად, სანაცვლოდ კი უკრაინამ მას ოთხი ოლქი უნდა დაუთმოს.
რუსეთის პრეზიდენტის პირობები მოიცავს ისეთ ტერიტორიებსაც, რომლებიც მოსკოვს ამ ორწელიწადნახევრიანი ომის დროს არასოდეს დაუკავებია ან საიდანაც შემდგომ უკან დაიხია. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს და რომ დასავლეთი რუსეთს ყველა სანქციას მოუხსნის.
პუტინის წინადადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური კიევი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პირობებზე დათანხმება კაპიტულაციის ტოლფასი იქნება და ქვეყანას დაუცველს დატოვებს მომავალი თავდასხმების მიმართ.
„ახალი ტერიტორიული რეალობა უნდა იქნას აღიარებული“, - განაცხადა პუტინმა საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას. – „ყველა ეს ძირითადი პრინციპი უნდა დადგინდეს ფუნდამენტური საერთაშორისო შეთანხმებებით. ბუნებრივია, ეს გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების გაუქმებასაც“.
პუტინის პირობების მიხედვით, რუსეთმა სრული კონტროლი უნდა მოიპოვოს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიეს ოლქებზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიების მხოლოდ ნაწილში დგას.
პუტინი ასევე მოითხოვს გარანტიებს, რომ კიევი არასოდეს შექმნის ბირთვულ იარაღს და თავად განახორციელებს საკუთარ „დემილიტარიზაციასა“ და „დენაციფიკაციას“, რაც ის ორი ბუნდოვანი მიზანია, რომელიც რუსეთმა შეჭრის დასაწყისში დაისახა.
„დღეს ჩვენ ვაკეთებთ კიდევ ერთ კონკრეტულ, რეალურ სამშვიდობო შეთავაზებას. თუ კიევი და დასავლეთის დედაქალაქები უარს იტყვიან მასზე, როგორც ეს ადრე გააკეთეს, მაშინ ეს მათი პრობლემაა და პოლიტიკური, ისევე როგორც მორალური პასუხისმგებლობა შემდგომ სისხლისღვრაზე სწორედ მათ დაეკისრებათ“, - აცხადებს პუტინი.
0 კომენტარი