დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას 50 მილიარდი დოლარით დააფინანსებენ. ამის შესახებ მსოფლიოს შვიდი ყველაზე ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სამიტზე იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. თანხა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან გადაერიცხება.
„ვადასტურებთ, ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ უკრაინას დამატებითი ფინანსური დახმარება მივაწოდოთ დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ეს წლის ბოლომდე მოხდება“, - თქვა მელონიმ საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესთან საუბრისას.
ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაადასტურა.
ეს 50 მილიარდი დოლარი უკრაინის ფინანსური და თავდაცვის პრობლემებისთვის გრძელვადიანი გამოსავალია. ამჟამად დასავლეთი იარაღთან ერთად უკრაინას ასევე უგზავნის წელიწადში მილიარდობით დოლარს, რათა ქვეყანამ თავისი ეკონომიკა შეინარჩუნოს. ეს მოიცავს მასწავლებლებისა და ექიმებისთვის ხელფასების გადახდას, ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარებების დაფინანსებას.
„ეს არის ძალიან ძლიერი დახმარება, რომელიც აძლევს უკრაინელ ხალხს გამბედაობას, გააკეთოს ის, რაც ახლა აუცილებელია მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არის ასევე მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის: მისი იმედები, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ის ერთ დღეს ამ ომს მოიგებს, ფუჭია. ის ვერ გაიმარჯვებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
0 კომენტარი