აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოსკოვი აიძულა, წამყვან ფინანსურ ბაზარზე დოლარებითა და ევროებით ვაჭრობა დაუყონებლივ შეაჩეროს.
მოსკოვის ბირჟამ (MOEX.MM) და ცენტრალურმა ბანკმა განცხადებები ოთხშაბათს, ვაშინგტონის მიერ სანქციების ახალი რაუნდის გამოცხადებიდანბ ერთ საათში გამოაქვეყნეს. სანქციები მიზნად ისახავს ფულისა და საქონლის იმ ნაკადის შემცირებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იყენებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსკოვის ბირჟის ჯგუფის მიმართ შემაკავებელი ზომების შემოღების გამო, ბირჟაზე ვაჭრობა და მოწოდებულ ინსტრუმენტებზე ანგარიშსწორება ამერიკულ დოლარსა და ევროში შეჩერებულია“, - განაცხადეს რუსთის ცენტრალურ ბანკში.
ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ბანკები, კომპანიები და ინვესტორები ვეღარ შეძლებენ ვაჭრობას ამ ორი ვალუტით მოსკოვის ცენტრალური ბირჟის საშუალებით და, ნაცვლად ამისა, ვაჭრობა მოუწევთ ბირჟის მიღმა ბაზარზე, სადაც გარიგებები იდება უშუალოდ ორ მხარეს შორის. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის დასადგენად ბირჟის მიღმა მონაცემებს გამოიყენებს.
რუსეთის ბევრი მოქალაქე თავისი დანაზოგის ნაწილს დოლარში ან ევროში ინახავს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუბლის ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. ცენტრალური ბანკი არწმუნებს ხალხს, რომ ეს დეპოზიტები დაცულია.
„კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გააგრძელონ აშშ დოლარისა და ევროს ყიდვა-გაყიდვა რუსული ბანკების მეშვეობით. ყველა თანხა აშშ დოლარსა და ევროში მოქალაქეებისა და კომპანიების ანგარიშებსა და დეპოზიტებზე დაცულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.
0 კომენტარი