ისრაელის „ომის კაბინეტის“ მინისტრმა ბენი განცმა საგანგებო მთავრობა დატოვა, რისი მიზეზიც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოსტკონფლიქტურ გეგმებთან დაკავშირებით განხეთქილების გაღრმავება გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
კვირას, 9 ივნისს, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, განცმა გადადგომის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო. განცის თქმით, ნეთანიაჰუ ქვეყანას ჭეშმარიტი გამარჯვების მოპოვებაში უშლის ხელს.
ისრაელში მმართველი ძალის კონკურენტად მიჩნეული ბენი განცი ნეთანიაჰუს მოუწოდებს, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.
„ბენი, ეს არ არის კაბინეტის დატოვების დრო, ახლა ძალების გაერთიანების დროა“, - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე.
ბენი განცი წარსულში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მისი ცენტრისტული ეროვნული ერთიანობის პარტია ოპოზიციაში იყო 2023 წლის 11 ოქტომბრამდე, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ კი ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო მთავრობის შექმნას დათანხმდა.
პარტია „ეროვნულ ერთობას“ საგანგებო მთავრობაში ხუთი თანამდებობა უკავია.
0 კომენტარი