ევროკომისია მხარს უჭერს მოლდოვასტან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყების პრესმდივანი გაფართოვების, სამეზობლოსა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ანა პიზონერო საუბრობს. მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
„მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების საკითხი დღეს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში იყო. კომისიის მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახის განახლება წევრ ქვეყნებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი შესრულებულია ორი ქვეყნის მიერ. ახლა გადაწყვეტილების მიღება წევრი ქვეყნების ხელშია“, - განაცხადა პიზონერომ.
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა კი იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში დაუჭერენ მხარს.
„ევროკომისია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ევროინტეგრაციის პროგრესის პოზიტიური შეფასებისთვის. ევროკომისიის მიერ გახმოვანებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემატიურ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და მან დაასრულა რეფორმების ოთხივე დამატებითი ნაბიჯი. ახლა ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს - ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში“, - დაწერა შმიჰალმა სოციალურ ქსელში.
0 კომენტარი