ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ისევ ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის ქმედებების საპასუხოდ მოსკოვს შეუძლია იარაღი მიაწოდოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ ამ იარაღს დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ. პუტინის ეს მუქარისშემცველი განცხადება მოყვა შეერთებული შტატებისა და გერმანიის გადაწყვეტილებას, უფლება მიეცათ უკრაინისთვის, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.
„თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ?“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მსგავსმა მუქარამ მოგვიანებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისგან, დმიტრი მედვედევისგან გაიჟღერა.
„ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დაე, ახლა შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა იგრძნონ საკუთარ თავზე რუსული იარაღის პირდაპირი გამოყენება მესამე მხარის მიერ. დაე, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას იმ სახელმწიფოების მგრძნობიარე ობიექტები, რომლებიც კიევს იარაღს აწვდიან“, - აცხადებს მედვედევი.
0 კომენტარი