სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. კარიმ ხანის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორივე მათგანს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე ეკისრება პასუხისმგებლობა. პროკურორი ასევე ითხოვს დაპატიმრების ორდერს „ჰამასის“ ორი სხვა ლიდერის - ისმაილ ჰანიესა და მუჰამედ ალ-მასრის, ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის მიმართ.
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა მეტოქეა, ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება უმკაცრესად დაგმო.
„პარალელების გავლება დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებსა და სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორის არის სამართლიანობის ღრმა დამახინჯება და აშკარა მორალური გაკოტრება“, - განაცხადა მან.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადების შემდეგ ქვეყანაში სპეციალური კომიტეტი შეიქმნება. კაცის თქმით, კარიმ ხანის გადაწყვეტილების მიზანი ისრაელის სახელმწიფოსთვის ხელების შეკვრა და მისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევაა.
კარიმ ხანის გადაწყვეტილება „ჰამასის“ წარმომადგენლებმაც დაგმეს. მათი თქმით, ეს მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ტოლობის ნიშნის დასმას ნიშნავს.
0 კომენტარი