შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის მძლავრი ბომბების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ერთ-ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.
ინკოგნიტო წყაროს ცნობით, ვაშინგტონი ასეთი ხერხით ცდილობს ზეწოლა განახორციელოს თავის მოკავშირეზე, რათა თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი შეჭრა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაში, რომელსაც მილიონზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელი აფარებს თავს.
ისრაელი უკვე რამდენიმე დღეა, რაც რაფაზე მასირებული თავდასხმით იმუქრება, რაც, მისი თქმით, ჰამასის ათასობით მებრძოლის დასამარცხებლად არის საჭირო. თუმცა, დასავლეთის ქვეყნები და გაერო იერუსალიმს აფრთხილებენ, რომ ასეთი ქმედება ჰუმანიტარული კატასტროფას გამოიწვევს.
თეთრ სახლსა და პენტაგონს ისრაელისთვის ბომბების მიწოდებაში შეფერხების შესახებ კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.
ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, რომლის ვინაობას „როიტერსი“ ასევე არ ასახელებს, განაცხადა, რომ ისრაელი ბრძოლას შიშველი ხელებითაც გააგრძელებს.
სამშაბათს, 7 მაისს, ისრაელის არმიამ ღაზასა და ეგვიპტეს შორის მდებარე რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტის პალესტინურ მხარეზე „ოპერატიული კონტროლი“ დაამყარა.
0 კომენტარი