უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გახსნილია რუსეთის შეთქმულება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობის მიზნით. დაკავებულია უკრაინის სამთავრობო დაცვის ქვედანაყოფის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნებაყოფლობით „შემსრულებლებს“, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის გაიტაცებდნენ და მოკლავდნენ, თავად პრეზიდენტის დაცვის წევრებს შორის ეძებდნენ. სხვა სამიზნეებს შორის იყვნენ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი.
მალიუკის თქმით, ზელენსკის მკვლელობა უნდა ყოფილიყო საგანგებო საჩუქარი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის დღისთვის.
უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ შეთქმულების ორგანიზებას რუსეთის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი აკონტროლებდა. მათ შორის არიან დმიტრო პერლინი, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში აგენტების ჩანერგვაზე მუშაობდა და ოლექსი კორნევი, რომელიც ომის დაწყებამდე შეთქმულებას გეგმავდა ერთ-ერთ დაკავებულ უკრაინელ პოლკოვნიკთან ერთად.
0 კომენტარი