მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ომს ვერ მოიგებს და ვერ მოესწრება ნატოს დანებებას. ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინა ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
„ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ახლა ვასრულებთ, უკრაინას შეუქცევადად აყენებს ალიანსისკენ მიმავალ გზაზე და, როდესაც დრო დადგება, უკრაინა ნატოს წევრი დაუყოვნებლივ გახდება. მე მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც უკრაინის დროშა ალიანსის შტაბ-ბინაში აფრიალდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს წევრი ქვეყნებისგან დახმარების დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა იენს სტოლტენბერგის თქმით, ჯერ კიდევ გვიანი არ არის და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
„დამატებითი დახმარება უკვე გზაშია“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
ამავე დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე უკრაინის ალიანსში ოფიციალურ მიწვევას არ ელის.
„ქვეყნის ალიანსში მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება და ივლისში ასეთ თანხმობას მე არ ველი. თუმცა, იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ უკრაინა კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0 კომენტარი