ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ვიზიტს გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელს, იორდანიასა და საუდის არაბეთს ეწვევა, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე ისაუბროს. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ორშაბათს, 29 აპრილს ჩავა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განიხილავს.
საერთაშორისო შუამავლებზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ შეჭრას გეგმავს ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში, რომელსაც ამჟამად მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს და გაიმეორა თავისი მკაფიო პოზიცია ისრაელის რაფაში შეჭრის თაობაზე: ბაიდენის აზრით, ისრაელმა არ უნდა განახორციელოს ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის სექტორში.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ ეგვიპტის ოფიციალურმა პირები კვლავ მზად არიან, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრონ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა ახალი წინადადების შესახებ, რომელიც ღაზაში მყოფი რამდენიმე მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს პალესტინელების თავიანთ სახლებში დაბრუნების სანაცვლოდ. ამერიკული საინფორმაციო საიტი „აქსიოსი“ (Axios) წერს, რომ ისრაელის ოფიციალური პირები მზად არიან განიხილონ პალესტინელების დაბრუნება თავიანთ სახლებში და ასევე ჯარების გაყვანა ცენტრალური დერეფნიდან, რომელიც ანკლავს შუაზე ყოფს.
„ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიიდან 250 ადამიანი მძევლად გასული წლის 7 ოქტომბერს აიყვანა, როდესაც დაჯგუფებამ ღაზის სექტორის გარშემო მდებარე ქალაქებსა და კიბუცებს შეუტია. ამ უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად 1136 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, დაიღუპა დაახლოებით 34 000 ადამიანი და განადგურდა ღაზის ურბანული ცენტრების უმეტესობა.
0 კომენტარი