ისრაელი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან მისი მიმართულებით დაახლოებით 300 უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა იქნა გასროლილი და რომ შეტევები ასევე განხორციელდა ერაყიდან და იემენიდან. ისრაელის განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ დრონებისა და რაკეტების უმეტესობა ქვეყნის ტერიტორიის მიღმა გაანადგურა. 

თეირანის თქმით, თავდასხმა არის შურისძიება სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოში ისრაელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე, რომლის შედეგად ირანელი სამხედრო მეთაური და მისი რამდენიმე ქვეშევრდომი დაიღუპა. ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამაში ისრაელს შეერთებული შტატებიც დაეხმარა. რეგიონში დიდმა ბრიტანეთმა RAF ტიპის თვითმფრინავები განათავსა. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი პირდაპირ ესხმის თავს ისრაელს: გასულ წლებში მსგავს შეტევებს მის მიერ დაფინანსებული ჯგუფები, მათ შორის, ჰეზბოლა და ჰამასი ახორციელებდნენ.

გაეროში ირანის მისიამ თავდაცვის შესახებ ქარტიის დებულების 51-ე მუხლი მოიშველია და განაცხადა, რომ თეირანი საკითხს დასრულებულად განიხილავს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ უფრო დიდ ძალას გამოიყენებს, თუ ისრაელი მსგავსი შეტევით უპასუხებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს საათებში დიდი შვიდეულის სამიტს მოიწვევს, რათა დიპლომატიურ პასუხზე იმსჯელოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ირანის ქმედებას "თავხედური შეტევა" უწოდა.

გარდა ამისა, დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ისრაელი ითხოვს, რომ დაგმობილ იქნას ირანის თავდასხმა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

ისრაელის სამხედრო სპიკერი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარიმ აცხადებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის ათობით რაკეტა გაუშვა და მათი უმეტესობა ისრაელის საზღვრებს მიღმა იქნა შეჩერებული. ჰაგარის თქმით, მათ შორის იყო ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *